რა სასწაულები ხდებოდა მათხოჯის მონასტერში და რა ემართებოდათ ათონის მთაზე ასვლის მსურველ ქალებს

რა სასწაულები ხდებოდა მათხოჯის მონასტერში და რა ემართებოდათ ათონის მთაზე ასვლის მსურველ ქალებს
loading...


მეცხრამეტე-მეოცე საუკუნეებში, როდესაც საქართველოში იკრძალებოდა ეკლესიაში სიარული, ლოცვა, იხურებოდა ეკლესია-მონასტრები, სხვადასხვა კუთხეში ზოგ მონასტერში მაინც მიმდინარებოდა აქტიური მონაზვნური ცხოვრება და საქმიანობა. ერთ-ერთი ასეთი, მათხოჯის მონასტერი იყო, სადაც მონაზვნები, დედები ქართველი ხალხისთვის მუდმივად ლოცულობდნენ და იღვწოდნენ. ამ საკითხის, ასევე ათონის მთის მონასტრის ბერების შესახებ, რომლებიც ამ წმიდა ადგილიდან ხშირად ქრებოდნენ, გვესაუბრება პროფესორი, მხატვარი, მრავალი ცნობილი სიმღერისა და მელოდიის ავტორი, დავით გაჩეჩილაძე:

– 1893 წელს იმერეთის ეპისკოპოსის, წმიდა გაბრიელის კურთხევით, სოფელ მათხოჯში დაარსდა დედათა სავანე. იქ შეკრებილ 45 დას დაუწყია სავანის მშენებლობა. ჯერ საცხოვრებლის ხის სენაკები ააშენეს და ერთ-ერთი სენაკი საშინაო ტაძრად ჰქონდათ გადაქცეული. 1895 წლიდან ამ სავანის „ბლაღოჩინად“ სასულიერო მთავრობამ დანიშნა დეკანოზი დავით ღამბაშიძე. 1898 წლის მაისიდან ყოვლადსამღვდელო ბესარიონის ლოცვა-კურთხევით, დაიწყეს წმიდა ნინოს სახელობის ეკლესიის მშენებლობა სავანის ეზოში. იმ ადგილას მეცამეტე საუკუნეში ეკლესია მდგარა, რომლის ნანგრევები იმ დრომდე შემორჩენილი ყოფილა. 1901 წლის 4 ნოემბერს ტაძარი უკურთხებია იმერეთის მაშინდელ ეპისკოპოსს, ლეონიდე ოქროპირიძეს. ეპისკოპოს ლეონიდეს წარდგენით, 1901 წელს უწმიდეს სინოდს მათხოჯის დედათა სავანე უშტატო მონასტრად დაუმტკიცებია. შტატიანი მონასტრის სტატუსი კი 1914 წელს მიუციათ. მისი წინამძღვრისთვის, მონაზონ ანასტასიასთვის კი, 1916 წლის 6 მაისს იღუმენობა უბოძებიათ. მაგრამ, ხელისუფლების სათავეში კომუნისტების მოსვლის შემდეგ, მათი ხელი მათხოჯის მონასტერსაც შეეხო. 
– რას გულისხმობთ?
– წმიდა ბასილის ცნობილი ხატი ხელისუფლებას, სავარაუდოდ, „უღმერთობის მუზეუმში“ ჩაუბარებია, მონასტრის ქონება მიუთვისებია. საყოველთაო გაჭირვების ჟამს, დედები თავს საბნის კერვით ირჩენდნენ. განთქმული იყო მათხოჯის მონასტრის საბნები და ამბობენ, ისინი დღესაც შემორჩაო. დედებს პატარა მეურნეობაც ჰქონდათ, ძროხები და ქათმები ჰყავდათ, ბოსტანსაც ამუშავებდნენ, მცენარეებისგან წამლებს ამზადებდნენ. დიდი შესაწირი გაუღია მონასტერს მეორე მსოფლიო ომის დროს. რაც შეეხება მონასტრის დედათა სულიერ ცხოვრებას, წლების განმავლობაში მას მამა დავით ჯინჭარაძე წარმართავდა, რომელიც იყო ცნობილი მგალობელი და ათონზე გაზრდილი, განათლებული ადამიანი. მან მონაზვნებს გალობა ასწავლა. მამა დავითს არ ასვენებდნენ, ლამის ყოველ პარასკევ საღამოს იჭერდნენ და ორშაბათს უშვებდნენ, რათა ეკლესიაში არ ეწირა. მოგვიანებით, იღუმენი დავითი გურიაში დაბრუნებულა, ის ჯიხეთის დედათა მონასტერში დაუკრძალავთ. მათხოჯის მონასტრის პატრონობა კი, ილორის მონასტრის არქიმანდრიტს, იოაკიმე შენგელიას უკისრია. ილორის მონასტერში ღვთისმსახურება 1945 წელს განახლდა პატრიარქ კალისტრატეს ძალისხმევით და ლავრენტი ბერიას დედის ჩარევით. სწორედ მაშინ აუყვანიათ არქიმანდრიტის ხარისხში მამა იოაკიმე. ის ხშირად ჩადიოდა მათხოჯელ მონაზვნებთან და ეხმარებოდა მათ, წირავდა. უკვე მოხუცი, ავადმყოფი მონაზვნების მდგომარეობა რთული იყო, არ იცოდნენ, როდის გავიდოდნენ ამქვეყნიდან. მამა იოაკიმეს ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა უკანასკნელ იღუმენია ელენე წივწივაძესთან. დედა ელენე 1889 წელს იყო დაბადებული – თავის დროზე ულამაზესი ქალი, 21 წლის დაქვრივებულა. ქმრის სიკვდილი ძალიან განუცდია და დასნეულებულა კიდეც. ექიმს უთქვამს: წადი, მათხოჯის მონასტერში, იქაური ჰაერი მოგიხდებაო. მონასტერში მისვლისთანავე, სასწაული გადახდა – ხუცური კითხვა ძილში ისწავლა. გაღვიძებისთანავე მისულა მღვდელთან, ხუცური წიგნი მოუთხოვია და თავისუფლად წაუკითხავს. ამ სასწაულის გარდა, სხვა ხილვებიც ჰქონდა, რომელმაც გადააწყვეტინა მას მონასტერში დარჩენა. 1922 წელს ის მონაზვნად აღიკვეცა. ჰქონდა დიდი რწმენა, ღვთისმოშიშება და ბავშვური მორჩილება. ამ თვისებების გამო, გამოარჩიეს მონასტრის დებმა იღუმენიად. დედა ელენეს სიტყვას დიდი ძალა და გასავალი ჰქონდა. 1954 წელს სექტემბერში მამა იოაკიმე მოულოდნელად გარდაიცვალა. ფილტვების ანთება ჰქონდა, მაგრამ მომაკვდავის საზიარებლად მაინც გაჰყოლია ავადმყოფის ნათესავებს. კოკისპირულ წვიმებს ხიდები წაუღია, მამა იოაკიმე შესულა გაყინულ წყალში, გადაულახავს ის, უზიარებია მომაკვდავი. უკან დაბრუნებული ჩაწოლილა და მეტად ვეღარც ამდგარა. ღირსი მამის გარდაცვალების შემდეგ, მათხოჯის მონასტერში წირვის ჩასატარებლად რამდენჯერმე მოსულან ის განდეგილი მეუდაბნოე ქართველი მამები, რომელთაც მამა იოაკიმე უვლიდა. მათი წმიდა სახელები მხოლოდ ღმერთმა იცის. მათ ერთ-ერთ სტუმრობას შეესწრო მონასტერში ნათესავთან მისული პატარა გოგონა, რომელიც წლების შემდეგ ყვებოდა: საღამო ხანი იყო, მონასტერს გრძელწვერა, საწყლად ჩაცმული კაცები მოადგნენ. ერთ მათგანს ფეხსაცმლის მაგივრად, ნაბადი ჰქონდა შემოხვეული. თავიდან გლეხკაცები მეგონენ და გამიკვირდა, როცა მონასტრის მცველი – ავი ძაღლი მათ კუდის ქიცინით შეეგება. იღუმენიამ მუხლი მოიდრიკა მათ წინაშე და კურთხევა ითხოვა. დიდი პატივით მიესალმნენ მათ სხვა დედებიც. ერთი მათგანი მივიდა ეკლესიის კართან, ჯვარი გადასახა და ის თავისით გაიღო. არადა, დაკეტილი იყო და გასაღები მე მქონდა. შევიდნენ ეკლესიაში და ათონიდან მათხოჯში გამოგზავნილი „ღირს არსის“ ხატი მოილოცეს. შემდეგ ერთ-ერთი უსიტყვოდ შევიდა საკურთხეველში. შეიმოსა სამღვდელოდ და მწუხრ-ცისკრის ლოცვა დაიწყო. დაღამდა, ჩამობნელდა. სასწაული ის იყო, რომ ერთი სანთელიც არ აგვინთია, მაგრამ ტაძარი მაინც კაშკაშებდა. მათ მამა იოაკიმე აკითხავდა ხოლმე. თუმცა, მათკენ სავალი გზა გასაიდუმლოებული იყო. მამა იოაკიმეს რამდენიმე სულიერმა შვილმა იცოდა გამოქვაბულის გზა. ერთხელ, მისკენ მიმავალი სანოვაგით დატვირთული ყმაწვილები სოხუმის მილიციას საეჭვოდ მოეჩვენა, დაიჭირეს და მილიციის უფროსს მიჰგვარეს. ბიჭები დუმდნენ, უფროსმა მათი დაპატიმრების ბრძანება გასცა. იმავე ღამეს, მილიციის უფროსს საშინელმა ტკივილებმა შეუტია, ლოგინად ჩააგდო. სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე მყოფი, სადღაც მიყრუებულ ადგილას, უცნობ ხალხში აღმოჩნდა. ვინ ხართ, აქ რა გინდათო – ეკითხებოდა მათ. ღმერთს ვემსახურებით, ვლოცულობთო, უპასუხეს. რა ღმერთი, რის ღმერთი, ხომ არ გაგიჟდით, სად არის ღმერთიო. უცნობებს უთქვამთ – თუ ღმერთი არ არსებობს, ვინ ჩაგაგდო ამ დღეში? გირჩევნია, ის დამწყვდეული ბიჭები გაუშვა, თორემ განკურნებას ვერ ეღირსებიო. მართლაც, გონზე მოსვლისთანავე, ბრძანა, დაჭერილი ბიჭების გაშვება, თვითონ კი მყისვე განკურნებულა. ამბობენ, შემდგომში ეს კაცი ფარულად ეხმარებოდა ეკლესიასო. მათხოჯის მონასტრის დედები ნელ-ნელა გარდაიცვალნენ, ახალგაზრდა არავინ მიდიოდა. დარჩენილი დედები მოხუცდნენ, დაუძლურდნენ, მღვდელიც არავინ გამოჩნდა, რომ მათხოჯში დასახლებულიყო. დედა ელენემ იგრძნო, რომ მონასტერი იშლებოდა, იქირავა მანქანა, შიგ ჩააწყო მონასტრის სიწმიდეები და პატრიარქ ეფრემს ჩამოუტანა. მათხოჯის მონასტრის „ღირს არსის“ ხატი წლების განმავლობაში სიონის საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. ხონის ეპარქიის აღდგენის შემდეგ, ჯერ ხონის წმიდა გიორგის საკათედრო ტაძარში გადაასვენეს, შემდეგ აღდგენილ მათხოჯის მონასტერს დაუბრუნდა. მონასტერს გულისტკივილით ტოვებდნენ დედები. 80 წელს გადაცილებული მონაზონი, ევპრაქსია ქუთაისში წმიდა გიორგის ეკლესიაში შესულა, დაუჩოქებია ხატების წინ და სული უფლისთვის ჩაუბარებია. დედა ელენესაც დიდხანს არ უცოცხლია მონასტრის გარეშე.
– მინდა, აქვე ვისაუბროთ ათონის მთაზე არსებულ მონასტრის შესახებ, ს
ადაც ქალებს დღემდე არ აქვთ იქ შესვლის უფლება. გარდა ამისა, გამიგია, როგორ ქრებოდნენ ათონის მთიდან წმიდა მამები.
– უკვე მრავალი საუკუნეა, ამ მთაზე ქალის ასვლა აკრძალულია. გადმოცემის თანახმად, ერთხელ, რომის იმპერატორ კონსტანტინე პლაკიდას ცოლმა ათონზე ასვლა გადაწყვიტა. მეუღლის თანხმობის შემდეგ, ის ათონზე ვათოპედის მონასტერში მივიდა, მაგრამ ზეციდან მრისხანე ხმა მოისმა, რომელიც უბრძანებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სავანე. ათონის მახლობლად არსებული ერთ-ერთი ქალაქის მცხოვრებლები ყვებიან იმის შესახებ, როგორ უჭრის გზას უხილავი ძალა ათონის მთისკენ მიმავალ ქალებს. ერთხელ, როცა მეთევზეთა ნავში, მეთევზე ძმები დასთან ერთად იმყოფებოდნენ, უცებ ქალიშვილს ათონის მთასთან მისვლა უთხოვია. მაგრამ, როგორც კი ნავიდან გადასულა, მაშინვე ფერდობიდან ქვებს დაუწყია ცვენა. მიწისძვრით შეშინებულ მენავეებს სწრაფად გაუცურავთ ზღვაში. 1941 წელს ღირსმა პეტრე ათონელმა თავის ორ მორჩილს უთხრა, რომ კუნძულ სამოსზე აპირებდა წასვლას, მაგრამ კელიიდან ბერი გაქრა და მის კვალს ვერსად მიაგნეს – ვერც მკვდარი იპოვეს და ვერც ცოცხალი. 1984 წელს ივერიის სკიტის კელიიდან გაქრა ბერი სერგი, ფრიად ღვთივსათნო, მდუმარე და ქველმოქმედი მოღვაწე. მისი კელიის კარი დიდი ხნის განმავლობაში იყო ღია. მოგვიანებით, ასევე, ვათოპედის მონასტრის კელიიდან, გაქრა ბერი ნექტარიოსი. ის ვერც ცოცხალი იპოვეს და ვერც მკვდარი. ასევე, დაიკარგა რამდენიმე ბერი და როგორც ამბობენ, ათონის მთაზე ძირითადად გამორჩეული ბერები იკარგებოდნენ. ბერების გაქრობას ათონის მთის სხვა დიდ საიდუმლოსაც უკავშირებენ – ეგრეთ წოდებულ „უხილავ მოსაგრეებს“. წმიდა მთაზე ასეთი თქმულებაც არსებობს: როდესაც ვინმე იკარგება, ამბობენ, ის „უხილავმა მოსაგრეებმა“ წაიყვანესო. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში უცნობ „მოსაგრეებს“ თავისთან იღებდა ბერი ქრისტოფორი იანაკოპულის კალივიდან. „უხილავი მოსაგრეები“ მისგან ქრისტეს წმიდა საიდუმლოებებს ეზიარებოდნენ. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არიან „უხილავი მოსაგრეები“, ამ საკითხზე რამდენიმე მოსაზრება არსებობს.
loading...


– როგორია ეს მოსაზრებები?

– ზოგი ვარაუდობს, რომ „უხილავი მოსაგრეები“ ძველი წმიდანები არიან, რომლებიც ოდესღაც მოღვაწეობდნენ წმიდა მთაზე, ახლა კი ხალხს ეცხადებიან. მეორენი – საწინააღმდეგოს ამტკიცებენ, თითქოს ისინი თანამედროვე მოღვაწეები არიან, რომლებიც ათონის უშორეს და მიუდგომელ გამოქვაბულებში ცხოვრობენ, სამყაროსგან განცალკევებით. ისინი „უხილავნი“ იმიტომ გახდნენ, რომ სხვა შემთხვევაში,  მათი გამოქვაბულები არა მხოლოდ მონაზვნებით, არამედ ცნობისმოყვარე უცხოელი ტურისტებითაც გაივსებოდა. „უხილავი მოსაგრეები“ შვიდნი იყვნენ. ათონის გამოქვაბულში ცხოვრობდნენ. როდესაც ერთ-ერთი მათგანი გარდაიცვლებოდა და ისინი ექვსნი რჩებოდნენ, მაშინ, რაღაც საიდუმლო სახით, მთიდან მოდიოდა სხვა სათნო ბერი და იკავებდა გათავისუფლებულ ადგილს და ისინი კვლავ შვიდნი ხდებოდნენ. 1835 წელს ათონის მთაზე რამდენიმე მონადირე უცნობ მოხუც ბერს შეხვდა, რომელთანაც მცირე ხანს ისაუბრეს. მან მონადირეებს უთხრა, რომ მასთან ერთად გამოქვაბულში კიდევ ექვსი ღრმად მოხუცი ბერი ცხოვრობდა. როდესაც მონადირეებმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ მოუთხრეს, ადგილობრივმა ბერებმა საგზალი აიღეს და უცნობ „მოსაგრეთა“ საძებნელად გაემართნენ, მაგრამ ვერავის მიაგნეს.
– დღესაც ხდება ასეთი რაღაცეები?
– მეოცე საუკუნეში წმიდა მთაზე ერთი ბერი მოღვაწეობდა, რომელიც თავისი სიწმიდით ათონელთათვის ჭეშმარიტად იყო „უხილავი მოსაგრე“, მაგრამ ათონელი მამები ვერ ხედავდნენ ამას. ის ყველას ჩვეულებრივ მშრომელ ბერად მიაჩნდა, ის კი, ანუ წმიდა სილუან ათონელი, ლოცვით წმიდა მამებს მიემსგავსა და უფალს მთელი კაცობრიობისთვის ევედრებოდა. წყაროების თანახმად, ერთ-ერთ ლიბანელს ათონზე ასვლა სურდა, მაგრამ გზა დაებნა. გზაზე ვიღაც უცნობი ბერი შეხვდა, რომელიც ლეღვით გაუმასპინძლდა. როდესაც ლიბანელმა ამის შესახებ წმიდა ანას სკიტში მყოფთ უამბო, ბერები უცნობი მოღვაწის საძებნელად წავიდნენ, მაგრამ ვერავინ ნახეს. წმიდა ანას სკიტის ერთ-ერთი ბერის ნათესავს სკიტისკენ მიმავალ ბილიკზე გზა აბნევია, გამოქვაბულს მიდგომია, სადაც ვიღაც გარდაცვლილი ბერის დასვენებული სხეული უნახავს. მის მარჯვენა და მარცხენა მხარეს თითო სანთელი ენთო. როდესაც კრეტელმა ამის შესახებ თხრობა დაიწყო, რამდენიმე ბერმა ირგვლივ მიდამოები მოათვალიერა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს. კვიპროსის კიკოსის მონასტრის ბერ-დიაკონი ეფრემი ერთხელ, ათონის მთაზე ყოფნის დროს, დიონისიატის მონასტრიდან წმიდა პავლეს მონასტერში მიდიოდა და ბილიკზე უცნობ მოღვაწეს შეხვდა. ისინი შეჩერდნენ, ერთმანეთს მიესალმნენ და საუბარი დაიწყეს. უცნობი „მოსაგრე“ ძველი კაბით იყო შემოსილი, გრძელი წვერი კი ქამარში ჰქონდა ჩატანებული. ახალგაზრდა კვიპროსელმა მას რამდენიმე შეკითხვა დაუსვა ზიარების შესახებ. ბერმა უპასუხა. შემდეგ თითოეული თავის გზაზე წავიდა. რამდენიმე ნაბიჯის გავლის შემდეგ, ეფრემი მობრუნდა, რათა ერთხელ კიდევ შეეხედა მოხუცი ბერისთვის, მაგრამ მხოლოდ ველური ბუჩქები და ცარიელი ბილიკი დაინახა. ცნობილი მოღვაწე ბერი პაისი ათონელი ამბობდა, რომ ათონზე არცთუ ცოტა უცნობი წმიდა ბერია, რომლებიც ხალხს თავიანთ ადგილსამყოფელს უმალავენ.

მოგეწოანთ ჩვენ მიერ შემოთავაზებული სტატია? გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს
loading...
მსგავსი სიახლეები
ბერები შოკირებულნი არიან: ქრისტეს ახალი გამოჩენა
დანგრეული მონასტრის კედელზე გამოჩნდა ქრისტეს სახე, რომელიც ხელით არ გაკეთებულა - მსგავსი, რაც
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან."ყველამ წაიკითხეთ"
როგორ იკურნებიან მამა გაბრიელის წყალობით ადამიანები სიმსივნისგან, სარკომისგან და როგორ ასწავლა მან
მჯდომარე ანასტასიას წითელი ვაშლები ავადმყოფებს კურნავს – სასწაულები, რომლებიც ნაძალადევში ხდება
გასულ საუკუნეში თბილისში, ნაძალადევში, ხიმშიაშვილის ქუჩის ერთ ეზოში, ხალხი უამრავი სასწაულის
“ჯვარი გაღუნული იყო, მოძღვარი ეშმაკს შიშველი ხელებით ებრძოდა” – რას ყვებიან მამა სოგრატეს ლოცვით გადარჩენილი ადამიანები
არქიმანდრიტმა მამა სოგრატემ (ჭულუხაძე) მთელი ცხოვრება ლოცვაში გაატარა, მისთვის დასვენება
(ვიდეო) მამა გაბრიელის წინასწარმეტყველებანი, რომელიც ახდა!
დღეს მსოფლიო ეპიდემიას ებრძვის, წმინდანის ერთ-ერთი წინასწარმეტყველება კი დღევანდელ მძიმე ვითარებას
კომენტარები
საავტორო უფლებები დაცულია !